შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

„ფერმერებთან ურთიერთობა მაქსიმალურად პარტნიორულ ფორმატში წარიმართება“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მერძეული მიმართულების მწარმოებელ მსხვილ ფერმერებთან საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი ესწრებოდა. მან  ხაზი  გაუსვა კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.  “მერძეული მიმართულების მწარმოებელ მსხვილ ფერმერებს   გავაცანით ის ღონისძიებები, როლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.    შევთავაზეთ   მაქსიმალურად  პარტნიორულ ფორმატში წარიმართოს ჩვენი ურთიერთობა, დაიგეგმოს ერთობლივად ვაქცინაციის კამპანიები.  ასევე, მოხდეს ინფორმაციის მიწოდება  სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაზე, რომლებითაც  შეუძლიათ ისარგებლონ და რაც მთავარია, უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს,  როგორც  ინდივიდუალურ კომერციულ ფერმერებთან, ასევე სექტორულ ასოციაციებთან, რომლებიც იქნებიან ინფორმაციის გამტარები სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის”-განაცხადა ლაშა ავალიანმა.ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ფერმერებს სამუშაო ფორმატში მიაწოდეს ინფორმაცია სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, ცხოველთა იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც გავრცელებულია რეგიონში და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ვაქცინაციებზე.  აღინიშნა რომ  შეხვედრები და ინფორმაციის გაცვლა  მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს არსებული გამოწვევების ეფექტიანად გადაჭრას. 

იხილეთ სრულად

ამბროლაურისა და ონის ექვს ადმინისტრაციულ ერთეულში ფაროსანას საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 960 ჰექტარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის  მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოში ინტენსიურად ახორციელებს. ამ ეტაპზე, რაჭაში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში 16 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული და სოფლების - სადმელის, ჭრებალოს, ღადიშის, ცხმორის, პიპილეთისა და კვაშხიეთის შიდა და გარე პერიმეტრები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება. ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ღონისძიებები მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებულად და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს.  სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავებას დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულში ოქტომბრის ბოლომდე გააგრძელებს. 

იხილეთ სრულად

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნა

2013 წელთან შედარებით, ცოფის შემთხვევები 96%-ით არის შემცირებულიცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით შინაური ცხოველების - ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაციას ატარებს. სააგენტოს ვეტერინარები პატრონიან და მიკედლებულ შინაურ ცხოველებს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონული სამსახურების ოფისებში ცრიან.სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას 2013 წლიდან ატარებს. ყოველწლიურად 300 ათასზე მეტი შინაური ცხოველი იცრება. მიმდინარე წელს უკვე ვაქცინირებულია 260 000-ზე მეტი ცოფის ამთვისებელი ცხოველი; წლის ბოლომდე 320 000 მანიპულაციის ჩატარება იგეგმება.  ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე, ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2007 წლის 28 სექტემბერს დაარსდა და უკავშირდება ლუი პასტერის გარდაცვალების თარიღს, რომელმაც 1885 წელს  ცოფის პირველი ვაქცინა შექმნა. სურსათის ეროვნული სააგენტო ინიციატივას 2013 წელს შეუერთდა და მას შემდეგ მსოფლიოსთან ერთად ყოველწლიურად აღნიშნავს. წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია „ვიმოქმედოთ ახლა“, რაც გულისხმობს მასშტაბური ვაქცინაციის ორგანიზებას, ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობის განაწილებას ცოფის სრულად აღმოფხვრაში. როგორც ცოფთან ბრძოლის გლობალური ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 19-წლიანი ისტორიის განმავლობაში, პირველად, 2025 წლის გზავნილი არ შეიცავს სიტყვა „ცოფს“, რაც ადასტურებს, თუ რამდენად ეფექტიანია აღნიშნული კამპანია და მასში ჩართული თითოეული ადამიანი - მე, შენ და საზოგადოება, რომელსაც ვითარების შეცვლა და ცოფის სრულად აღმოფხვრა შეუძლია. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ცოფის გამოვლენის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება. მიმდინარე წელს ცხოველებში ცოფის 5 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 1 თბილისში, 1 დედოფლისწყაროში, 1 აბაშაში, 1 მარტვილში (მიკედლებული), 1 გარდაბანში. 2013 წელთან შედარებით, ცოფის შემთხვევები  დღეს 96%-მდეა შემცირებული (2013 წელს გამოვლინდა ცოფის 116 შემთხვევა). საშიში ინფექციური დაავადების სრულად აღმოფხვრის მიზნით, ქვეყანაში დაიწყო მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა, რომელიც, საწყის ეტაპზე, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას და ცოფისა და სხვა დაავადებების პრევენციას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველისთვის შესაბამისი მანიპულაციების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს საერთო მიზნის მიღწევას - სრულად აღმოვფხვრათ ცოფი! 

იხილეთ სრულად

2026 წლის პირველი იანვრიდან ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება

საქართველოს მთავრობის №288 დადგენილების  „ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო  გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, 2026 წლის პირველი იანვრიდან,  ვეტერინარის საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე აიკრძალება.ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის  მისაღებად პირი ვალდებულია, მიმართოს და  სურსათის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინოს  დადგენილებით  განსაზღვრული დოკუმენტები:   „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი დიპლომი, ვეტერინარის სერტიფიკატი ან   შესაბამისი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.  2026 წლის იანვრამდე სახელმწიფო სერტიფიკატი გაიცემა  სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამაში მონაწილეობის გარეშე. სერტიფიკატის   მოქმედების ვადა 2030 წლის პირველ  იანვრამდე განისაზღვრება. წესი არ ვრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროგრამების/პროექტების (რომლებიც უშუალოდ არ ეწევიან ვეტერინარულ პრაქტიკას) ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.ვეტერინარის საქმიანობის სერტიფიცირება ხელს შეუწყობს: საერთაშორისო სტანდარტის ვეტერინარული სერვისების მიწოდებას, მოქალაქეებისა და ცხოველთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას არაკვალიფიციური პრაქტიკის აღკვეთას, ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი პირების უფლებების დაცვას.

იხილეთ სრულად