პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

 

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის  № 301 დადგენილების - „ტექნიკური რეგლამენტი - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ 

-

კითხვებზე პასუხების გაცემა გაგრძელდება ინტერაქტიულ რეჟიმში

დამატებითი კითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე info@nfa.gov.ge, სააგენტოს ოფიციალურ სოციალურ გვერდზე, ცხელ ხაზზე - 1501 ან წერილობით.

 

სახელმძღვანელო მითითებები - „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“

სახელმძღვანელო მითითებები - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესახებ


კითხვა 1.  სასმელების შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა   „დამზადების თარიღის“  ნაცვლად მითითებული იქნეს   სიტყვები - „ჩამოსხმის თარიღი“  ?

პასუხი 1  - ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის „ჰ12“  - ის თანახმად, დამზადების თარიღი −   ეს არის თარიღი, როდესაც  სურსათმა მიიღო საბოლოო პროდუქტის სახე. ამდენად, სასმელებისათვის დასაშვებია  ნაცვლად „დამზადების თარიღისა“  გამოყენებული იქნას „ჩამოსხმის თარიღი“;


 

კითხვა 2.  რა  შემთხვევაშია შესაძლებელი  ლიმონათზე    გრაფიკულად, აღწერით ან ვიზუალურად  იქნეს მითითებული  ინგრედიენტის შემცველობა ?

პასუხი 2 -

ა) თუ  ლიმონათის წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ ნატურალური (ბუნებრივი) ინგრედიენტ(ებ)ი (მაგ.  ნაყენი, ვაჟინი და სხვ. )  სურსათის შესახებ ინფორმაციაში ლიმონათის დასახელება  უნდა მოიცავდეს სიტყვებს - „ლიმონათი მსხლის“  ან „ლიმონათი მსხალი“ და ინგრედიენტების ჩამონათვალში მითითებული უნდა იქნეს ბუნებრივი ინგრედიენტის დასახელება (მაგ. მსხლის ნაყენი და სხვ.);

ბ) თუ   ლიმონათის წარმოებაში  ინგრედიენტად გამოყენებულია მხოლოდ ნატურალური (ბუნებრივი) არომატიზატორი (მაგ. მსხლის ნატურალური არომატიზატორი) სურსათის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს სიტყვებს „ლიმონათი მსხლის არომატით ან/და გემოთი“; ინგრედიენტების ჩამონათვალში მითითებული უნდა იქნეს ბუნებრივი (ნატურალური)  არომატიზატორის დასახელება (მაგ. მსხლის ბუნებრივი არომატიზატორი); ეს მოთხოვნა ვრცელდება ლიმონათზეც, თუ მისი წარმოებისათვის გამოყენებულია როგორც ნატურალური (ბუნებრივი), ისე ნატურალურის (ბუნებრივის) იდენტური  არომატიზატორი. 

გ) თუ ლიმონათის წარმოებაში ინგრედიენტად გამოყენებულია მხოლოდ სინთეზური  არომატიზატორი, სურსათის შესახებ ინფორმაცია დასახელებაში უნდა მოიცავდეს სიტყვას „ლიმონათი“ და ინგრედიენტის ჩამონათვალში მითითებული უნდა იქნეს  სინთეზური არომატიზატორის დასახელება;

„ა“ და  „ბ“   შემთხვევებში  დასაშვებია ეტიკეტზე მსხლის გრაფიკული გამოსახულების  გამოყენება.


 

კითხვა 3. დასაშვებია თუ არა 2019 წლის 1 მარტამდე წარმოებული ხანგრძლივი ვარგისიანობის ვადის  (1-2 წელი) მქონე სურსათი განთავსებულ იქნეს სარეალიზაციოდ 2019 წლის 1 მარტის შემდეგაც სურსათის ვარგისიანობის მინიმალურ ვადის გასვლამდე?

პასუხი 3 -  ბიზნესოპერატორების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის N519 დადგენილებით  განხორციელდა ცვლილებები საქართველოს  მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის დადგენილება №301 -ში - „ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“, რომლის მუხლი 12 - ის თანახმად:

„სურსათი, რომელიც ბაზარზე განთავსებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს სურსათის „ვარგისიანობის მინიმალური ვადის“ ან „გამოყენებამდე ვადის“ ან „შენახვის ვადის“ გასვლამდე“.

გამომდინარე აღნიშნულიდან,  2019 წლის 1 მარტამდე წარმოებული ხანგრძლივი ვარგისიანობის ვადის  (1-2 წელი) მქონე სურსათი შესაძლებელია განთავსებულ იქნეს ბაზარზე  „ვარგისიანობის მინიმალური ვადის“ ან „გამოყენებამდე ვადის“ ან „შენახვის ვადის“ გასვლამდე“.


 

კითხვა 4.  სად უნდა განთავსდეს სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია 200-300 გრამიანი სურსათის შეფუთვების შემთხვევაში, რომელიც სარეალიზაციოდ არ გაიხსნება და არ გაიყიდება ცალობაში,  მთლიან შეფუთვაზე გარედან (დასტიკერებით), თუ მასში მოთავსებულ ერთეულ შეფუთვებზეც (კანფეტზე)?

პასუხი 4 - 200-300 გრამიანი სურსათის შეფუთვების შემთხვევაში, რომელიც სარეალიზაციოდ არ გაიხსნება და არ გაიყიდება ცალობაში,  სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია, განთავსებული უნდა იქნეს მთლიან შეფუთვაზე გარედან.


 

კითხვა 5.  რა სავალდებულო ინფორმაცია უნდა განთავსდეს საცალოდ გასაყიდად განკუთვნილი ინდივინდუალურად შეფუთული სურსათის   შემთხვევაში, თუ აღნიშნულის ზედაპირის ფართობი 10 კვ.სმ-ზე ნაკლებია?

პასუხი 5 - საცალოდ გასაყიდად განკუთვნილი ინდივინდუალურად შეფუთული სურსათის   შემთხევაში, თუ აღნიშნულის ზედაპირის ფართობი 10 კვ.სმ-ზე ნაკლებია სავალდებულოა მითითებული იქნას:

ა) სურსათის დასახელება;

ბ) ალერგენის დასახელება;

გ) ვარგისიანობის ვადა;

დ) ნეტო.

ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ინგრედიენტების ჩამონათვალი მიწოდებული   უნდა იქნეს  სხვა საშუალებებით  (ვერბალური,  ფურცელ-ჩანართი ან თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტრუმენტების,  როგორებიცაა მორბენალი სტრიქონი, ელექტრონული დაფა და სხვ. საშუალებით) ან მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე.


 

კითხვა 6: დასაშვებია თუ არა სპირტიანი სასმელების შემთხვევაში კატეგორიების დასახელება მითითებულ იქნეს უცხოურ ენაზე?  და სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა ქართულ ენაზე განთავსებულ იქნას უკანა მხარეს ძირითად ეტიკეტზე?

პასუხი 6 – დასაშვებია, იმ პირობით, რომ  სპირტიანი სასმელების შესახებ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს ასევე საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №554-ის „ტექნიკური რეგლამენტის − სპირტიანი სასმელების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ მოთხოვნათა გათვალისწინებით.


 

კითხვა 7.  რა ფორმით უნდა მოხდეს ალერგენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საბოლოო მომხმარებლისთვის, თუ სურსათის დაფასოება ხდება რეალიზაციის ადგილებში,  მომხმარებლის თხოვნის საფუძველზე ან დაუყოვნებლივ გაყიდვის მიზნით?

პასუხი 7 -  თუ სურსათის დაფასოება ხდება რეალიზაციის ადგილებში,  მომხმარებლის თხოვნის საფუძველზე ან დაუყოვნებლივ გაყიდვის მიზნით, ალერგენების შესახებ ინფორმაცია მიწოდებული უნდა იქნეს გაყიდვის ადგილზე, სურსათის შეძენამდე, დაუფასოებელ სურსათთან ახლოს, კარგად შესამჩნევ ადგილზე განთავსებული წერილობითი, თვალით აღქმადი  ინფორმაციის საშუალებით;


 

კითხვა 8.  თუ სურსათის ძირითადი ინგრედიენტი შედგენილი ინგრედიენტია და იგი თავისთავად შეიცავს  „ალერგიის გამომწვევ ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებებს ან პროდუქტებს“ , ამ შემთხვევაში მხოლოდ ძირითადი ინგრედიენტი უნდა იყოს ტიპოგრაფიულად გამოყოფილი თუ მისი შემადგენელი ყველა ნივთიერება?

პასუხი 8 -   ტიპოგრაფიულად გამოყოფილი უნდა იქნეს როგორც  ძირითადი ინგრედიენტის დასახელება, ასევე  მისი  შემადგენელი ყველა იმ ნივთიერების (კომპონენტის) დასახელება, რომელიც წარმოადგენს „ალერგიის გამომწვევ ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებებს ან პროდუქტებს“ ;


 

კითხვა 9.  ვანილის ნაყინის შემთხვევაში, მიუხედავად ვანილის  მცირე რაოდენობით არომატიზაციის მიზნით გამოყენებისა,  უნდა მივუთითოთ თუ არა ინგრედიენტების ჩამონათვალში გამოყენებული ვანილის  რაოდენობა ?  როგორ უნდა გამოვსახოთ - პროცენტებში თუ გრამებში?

პასუხი 9 -  თუ ნაყინის დასახელებაა „ნაყინი ვანილის“  ან „ვანილის ნაყინი“ , ან მსგავსი სიტყვათწყობა, მიუხედავად ვანილის მცირე რაოდენობით გამოყენებისა, მისი მითითება ინგრედიენტების ჩამონათვალში სავალდებულოა, რამდენადაც ამ მინიშნებით („ვანილის“) ინგრედიენტის   კატეგორია მოცემულია სურსათის დასახელებაში და მომხმარებლისათვის მათი დასახელება გაიგივებულია სურსათის დასახელებასთან, ამასთანავე, სიტყვა „ვანილის“ აღწერს სურსათს, რაც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა ასეთი ნაყინი განასხვავოს დასახელებით მსგავსი სხვა ნაყინისაგან. ვანილის რაოდენობა ინგრედიენტების ჩამონათვალში მითითებული უნდა იქნეს პროცენტულად.


 

კითხვა 10. თუ სურსათის „გაყინვის თარიღი“  ემთხვევა „დამზადების თარიღს“  ორივე თარიღის მითითება აუცილებელია?

პასუხი 10 -  ამ შემთხვევაში,  მიზანშეწონილია მიუთითოთ  „გაყინვის თარიღი“ და „პარტიის ნომერი“;


 

კითხვა 11 . ენერგეტიკული ღირებულების ცხრილი შესაძლებელია თუ არა მოერგოს პროდუქტს? მაგ. ლიმონათისა და ზოგადად უალკოჰოლო სასმელების შემთხვევაში იყოს შემოკლებული სახით (ვინაიდან არ შეიცავს ცილასა და ცხიმს) და განთავსდეს მხოლოდ ნახშირწყლები და შაქრები?

პასუხი 11 - არა,  უნდა გამოიყენოთ რეგლამენტით განსაზღვრული ცხრილი და შესაბამისად, ცხიმი, ცილა და მარილი აღნიშნოთ „0“-ით.

ენერგეტიკული ღირებულება

-

ცხიმი

0

მათ შორის ნაჯერი ცხიმები

0

ნახშირწყლები

-

მათ შორის შაქრები

-

ცილა

0

მარილი

-

 

 

 

 

 

 



კითხვა 12. ენერგეტიკულ სასმელში, რომლის ინგრედიენტად გამოყენებულია საკვები საღებავები  E-102 და  E -129, არის თუ არა სავალდებულო დავიტანოთ ტექსტი: „შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ბავშვთა ყურადღებასა და აქტივობაზე“, თუ უკვე მითითებული გვაქვს „კოფეინის მაღალი შემცველობით - არ არის რეკომენდებული ბავშვების, ორსულებისა და მეძუძური ქალებისათვის“?

პასუხი 12 - ენერგეტიკულ სასმელში, რომლის ინგრედიენტად გამოყენებულია საკვები საღებავები  E-102 (ტარტრაზინი)  და  E -129 (წითელი ალურა) ,  სავალდებულოა მითითებული იქნეს  ტექსტი: „შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ბავშვთა ყურადღებასა და აქტივობაზე“, მიუხედავად წარწერისა, რომელიც მიანიშნებს კოფეინის შემცველობის გამო მის გამოყენებასთან  დაკავშირებულ რეკომენდაციას.


 

კითხვა 13.  გთხოვთ დაგვიზუსტოთ, როგორ მივუთითოთ ინგრედიენტების ჩამონათვალში გამოყენებული საკვებდანამატები?

პასუხი 13 -  ინგრედიენტებად გამოყენებული საკვებდანამატების და საკვები ფერმენტების  აღნიშვნა  უნდა მოხდეს კატეგორიის, შემდეგ სპეციალური დასახელების, და თუ შესაძლებელია E ნომრის გამოყენებით   (მაგ.“ საღებავი კურკუმინი“  ან „საღებავი კურკუმინი E 100“,   დამატკბობელი იზომალტი ან დამატკბობელი იზომალტი E 953 ). 



კითხვა 14.  თუ  გამოყენებულია თანაბარი სიმაღლის (ზომის)  შრიფტი (ფონტი) ,  როგორი უნდა იყოს შრიფტის მინიმალური ზომა შეფუთვის ზედაპირის ფართობის მიხედვით?

პასუხი 14

შეფუთვის ზედაპირის ფართობი

შრიფტის ზომა  არ უნდა იყოს ნაკლები

80 სმ 2-ზე მეტი ან ტოლი

1,2 მმ-ზე

80 სმ 2 -ზე ნაკლები

0,9 მმ-ზე

 


 

კითხვა 15 :  ეტიკეტზე დასატანი შრიფტი  მხოლოდ ნუსხურ შრიფტის გამოყენების საშუალებას გვაძლევს?  ნუსხური ჩვენი აზრით მხოლოდ მაგალითისთვის არის მოტანილი. გთხოვთ დაგვიდასტუროთ.

პასუხი 15 -   საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონის თანახმად,  „ნუსხური ასო“  ნიშნავს არამთავრულ, პატარა ასოს ( „ა“, „ი“, „ო“ )  და არა ნუსხურ შრიფტს, შესაბამისად ტექნიკური რეგლამენტი არ განსაზღვრავს მხოლოდ „აკად.ნუსხური“ შრიფტის (ფონტის)  გამოყენების ვალდებულებას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი შრიფტი (ფონტი);


 

კითხვა 16. სასმელებთან დაკავშირებით რა იგულისხმება ხედვის ძირითად არეალში?

პასუხი 16 -  ხედვის ძირითად არეალად მიჩნეული უნდა იქნეს ბიზნესოპერატორის მიერ შერჩეული ხედვის ძირითადი არეალი;


 

 

კითხვა 17. ამჟამად ეტიკეტზე არ გვაქვს მითითებული რომ ლუდი პასტერიზებულია, რადგან ლუდის მოსამზადებლად პასტერიზაცია, ისევე როგორც ფილტრაცია და სხვა ტექნოლოგიური პროცესები წარმოადგენს აუცილებელ  პროცესთა ერთობლიობას, ჩვენი აზრით „არაპასტერიზებული“ და „გაუფილტრავი“ ტერმინების გამოყენება აუცილებელია

პასუხი 17 - თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ტერმინები „არაპასტერიზებული“ და „გაუფილტრავი“ ლუდის დასახელებასთან ერთად.  ამ ინფორმაციის განთავსება არ უნდა მოხდეს სავალდებულო ინფორმაციის განთავსების ხარჯზე.


 

კითხვა 18. საზოგადოებრივი კვების ობიექტის მიერ   სურსათთან დაკავშირებული  ინფორმაცია რა ფორმით უნდა იქნეს წარდგენილი  მომხმარებლისთვის?  სად უნდა განთავსდეს აღნიშნული ინფორმაცია ე.წ. მენიუში თუ სად?

პასუხი  18. საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სურსათთან დაკავშირებული ინფორმაცია მომხმარებელმა უნდა მიიღოს სურსათის გაყიდვის ადგილას, მათ შორის შეკვეთის მიცემისას. ინფორმაცია  შესაძლებელია მიღებული იქნას როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით (ინტერნეტი, მორბენალი სტრიქონი, ბანერი) ასევე  საზოგადოებრივი კვების ობიექტის თანამშრომლისგან სიტყვიერი, ვერბალური კომუნიკაციის  საშუალებითაც.  ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი კვების ობიექტში კარგად შესამჩნევ ადგილზე განთავსებული უნდა იქნეს მინიშნება თუ სად, ვისგან და რა საშუალებითაა შესაძლებელი  სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება.


 

კითხვა 19 : დისტანციური რეალიზაციისას, როდესაც ხდება დაუფასოებელი (პიცა, ხინკალი, და ა.შ.) სურსათის შეძენა დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით, რა სავალდებულო მონაცემების  ჩამონათვალი უნდა მიეწოდოს საბოლოო მომხმარებელს, როდის და რა ფორმით?

პასუხი 19 . სურსათის დისტანციური რეალიზაციისას, როდესაც ხდება   სურსათის შეთავაზება დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით,  ბიზნესოპერატორი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს   სურსათის  შესახებ შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: სურსათის დასახელება, ინგრედიენტების ჩამონათვალი, ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებები ან პროდუქტები, გამოყენებული ინგრედიენტის ან ინგრედიენტების კატეგორიების რაოდენობა (გარკვეულ შემთხვევებში), სურსათის ნეტო (სუფთა) წონა, შენახვის ან გამოყენების ნებისმიერი განსაკუთრებული პირობები, პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორის დასახელება და მისამართი, სურსათის გამოყენების ინსტრუქცია, თუ ინსტრუქციის გარეშე ვერ ხდება სურსათის შესაბამისად გამოყენება, სპირტის ფაქტობრივი კონცენტრაცია სასმელისათვის, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა აღემატება 1,2%-ს, ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, გარდა გამონაკლისებისა, დამზადების თარიღი ან პარტიის ნომერი. 

ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იქნეს შესყიდვის განხორციელებამდე და შესყიდვისას. ასახული უნდა  იქნეს დისტანციური რეალიზაციის თანმხლებ მასალაში ან ბიზნესოპერატორის მიერ მკაფიოდ განსაზღვრული სხვა შესაბამისი საშუალებებით,

ვარგისიანობის მინიმალური ვადის გასვლის ან „გამოიყენებამდე“ თარიღითან დაკავშირებული ინფორმაცია  წარდგენილი  უნდა იქნას უშუალოდ სურსათის მიწოდების დროს.


 

კითხვა 20. საქართველოს მთავრობის №301 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის მიზნით, დასაშვებია თუ არა ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის ეტიკეტირებისას დამატებით გამოყენებულ იქნეს წებოვანი სტიკერები, რომელზეც განთავსებულ იქნება ის სავალდებულო ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ შეფუთვაზე (№441 დადგენილების მიხედვით დამზადებული) არ არის წარდგენილი.

პასუხი 20. დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობის  №441 დადგენილების მიხედვით დამზადებულ ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის №301 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.


 

კითხვა 21: რა სანქციებია გათვალისწინებული კანონმდებლობით სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების  წესის დარღვევის შემთხვევაში?

პასუხი 21 – საქართველოს კანონის „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“-ს მუხლი 741 -ის თანახმად,

 მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა −გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

 


 

 

ხშირად დასმული კითხვები N2

კითხვა 1. ჩვენს შემთხვევაში დაინტერესებული პირია ძეხვეულის მწარმოებელი კომპანია. ხორცის პროდუქტების, ხორცის ნახევარფაბრიკატების (დამზადებული ხორცი), რომელიც წარმოდგენილია ნაჭრების, საკლავის დაჩეხილი ნაწილების, ნაკუწების, ხორცის ან ტანხორცის ნაწილებით, დასახელებაში მითითებული უნდა იქნეს დამატებული წყლის რაოდენობის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ დამატებული წყალის რაოდენობა მზა პროდუქტის წონის 5%-ს აღემატება.  რა სახით უნდა მოხდეს დამატებული წყლის მითითება დასახელებაში? რეგულაციის ის ნაწილი რომელიც ინფორმაციის დასახელებასთან ახლოს მითითებას ითხოვს ნათელია თუმცა თავად დასახლებაში წყლის რაოდენობის მითითება ბუნდოვანია. ამასთან რაოდენობას მითითება პროცენტებში უნდა მოხდეს ზოგადი წესის შესაბამისად?  ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ასევე, რომ როდესაც პროდუქტის დამზადებისას ხდება წყლის დამატება, შემდეგ შრება პროდუქტი და საბოლოო წონა არის შემცირებული დაახლოებით 30%-ით. შესაბამისად, დამატებული წყლის ზუსტი მოცულობის განსაზღვრა საბოლოო პროდუქტში შეუძლებელია.

პასუხი 1. დამატებული წყლის, როგორც ინგრედიენტის ჩამოთვლა ხდება საბოლოო პროდუქტში მისი წონის მიხედვით. წყლის რაოდენობა, რომელიც სურსათს ემატება ინგრედიენტის სახით, გამოითვლება საბოლოო   პროდუქტის წონიდან სხვა გამოყენებული ინგრედიენტების ჯამის გამოკლებით. თუ ეს რაოდენობა საბოლოო პროდუქტის წონის 5%-ზე ნაკლებია, მისი აღნიშვნა არ არის სავალდებულო.

თუმცა, ხორცზე, ხორცის ნახევარფაბრიკატებზე (დამზადებული ხორცი), გადაუმუშავებელ თევზჭერის პროდუქტებზე და გადაუმუშავებელ ორსადგულიან მოლუსკებზე ეს გამონაკლისი არ ვრცელდება.


 

კითხვა 2:   ტექნიკური რეგლამენტის თანახმად სავალდებულოა ეტიკეტზე მითითების გაკეთება „შეფუთულია დამცავი ატმოსფეროს გამოყენებით“, როდესაც სურსათის ვარგისიანობის მინიმალური ვადა გაზრდილია შეფუთვისას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აირების გამოყენებით. როდესაც სურსათი შეფუთულია უატმოსფეროდ, ვაკუუმში, ვარგისიანობის ვადის გაზრდის მიზნით ამ შემთხვევაშიც ხომ არ უნდა მივუთითოთ იგივე სიტყვები ან სხვა ფრაზა?

პასუხი 2 :    როდესაც სურსათი შეფუთულია უატმოსფეროდ, ვაკუუმში, ვარგისიანობის ვადის გაზრდის მიზნით,  სავალდებულოა ეტიკეტზე მითითების გაკეთება „შეფუთულია დამცავი ატმოსფეროს გამოყენებით“;


 

კითხვა 3.       სიტყვები „უმჯობესია გამოყენებული იქნეს ..... მდე“ უნდა მოიცავდეს: უშუალოდ თარიღს და ეტიკეტზე მინიშნებას, თუ სად არის განთავსებული თარიღი?  გთხოვთ დაგვიზუსტოთ, როგორ შეიძლება გამოყენების ვადის მითითება ეტიკეტზე თარიღზე მინიშნების სახით.

პასუხი 3: „უმჯობესია გამოყენებული იქნეს ..... მდე“ ვადის განსაზღვრისას ეტიკეტზე შეგიძლიათ მიუთითოთ უშუალოდ თარიღი, ან  ეტიკეტზე მიანიშნოთ, სად არის განთავსებული „უმჯობესია გამოყენებული იქნეს ..... მდე“ თარიღი;


 

კითხვა 4. კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, იმ შემთხვევაში თუ ვიყენებთ ნატურალურ არომატიზატორს, შესაძლოა ეტიკეტზე ფოტოს გამოტანა (ვიზუალიზაციისათვის) ხოლო პროდუქტს ვაწერთ არომატით? თუ შესაძლებელია პირდაპირ მივუთითო დასახელება . მაგ „ბაზილიკი“

პასუხი 4:  „ბაზილიკი“ არ არის მცენარის ქართული დასახელება. „ბაზილიკი“-ს ქართული დასახელებაა  რეჰანი (ლათ. Okimum basilicum L.,) თუ    წარმოებაში  ინგრედიენტად გამოყენებულია მხოლოდ ნატურალური (ბუნებრივი) არომატიზატორი (მაგ. რეჰანის ნატურალური არომატიზატორი), სურსათის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს სიტყვებს „სურსათი (დასახელება) რეჰანის არომატით ან/და გემოთი“; ინგრედიენტების ჩამონათვალში მითითებული უნდა იქნეს ბუნებრივი (ნატურალური)  არომატიზატორის დასახელება (მაგ. რეჰანის ბუნებრივი არომატიზატორი); ამ შემთხვევაში  დასაშვებია ეტიკეტზე რეჰანის გრაფიკული გამოსახულების  გამოყენება.


 

კითხვა 5.  გთხოვთ განგვიმარტოთ ხილის ნექტრისა და სასმელის ხილის წვენის  ეტიკეტზე თუ ისინი რამოდენიმე ხილის კონცენტრატისაგან შედგებიან  რა შემთხვევაში ვართ  ვალდებული  დავიტანოთ ყველა ხილის კონცენტრატის რაოდენობა და რა შემთხვევაში არა ?

პასუხი 5 .თუ პროდუქტი მიღებულია სამი ან მეტი სახეობის ხილისაგან, ეტიკეტზე, პროდუქტის დასახელებაში დასაშვებია გამოყენებული იქნას სიტყვები „სხვადასხვა ხილი“ ან ანალოგიური ფორმულირება ან გამოყენებული ხილის სახეობების  დასახელება რაოდენობის კლების მიხედვით;

ამასთანავე, ხილის წვენის და კონცენტრატისაგან დამზადებული ხილის წვენის ნარევისათვის, ასევე, ერთი ან რამოდენიმე სახეობის ხილის კონცენტრატისაგან სრულად ან ნაწილობრივ მიღებული ხილის ნექტარისათვის,    შესაბამისად  ეტიკეტზე მითითებული უნდა იქნეს სიტყვები: „კონცენტრატ(ებ)ისაგან“, „ან „ნაწილობრივ კონცენტრატ(ებ)ისაგან“. ეს ინფორმაცია განთავსებული უნდა იქნეს პროდუქტის დასახელების გვერდით, ნებისმიერ ფონზე გამოსახული უნდა იქნეს მკაფიოდ და თვალით აღქმადი ასოებით;

 ხილის ნექტარის ეტიკეტზე სავალდებულოა ასევე ხილის წვენის, ხილფაფის ან ამ ინგრედიენტების ნებისმიერი ნარევის უმცირესი  შემცველობის  მითითება  შემდეგი  სახით:  „ხილის  შემცველობა  არანაკლებ ...%“. ეს ინფორმაცია განთავსებული უნდა იქნეს ხედვის იმავე არეალში, სადაც განთავსებულია პროდუქტის დასახელება;

(დამატებით იხილეთ  საქართველოს  მთავრობის  2017 წლის 8 დეკემბრის  N536 დადგენილება “ტექნიკური რეგლამენტი - ხილის წვენის და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტების   შესახებ“).


 

 ხშირად დასმული კითხვები N3

წყალი - წყალთან დაკავშირებით დავაზუსტებ ჩვენს შეკითხვას. ჩვენ გვქონდა ორი საკითხი:

 1. ხორცის პროდუქტის დასახელებაში ან დასახელებასთან როგორ უნდა მივუთითოთ წყალი/წყლის რაოდენობა?;

-         ტექნიკური რეგლამენტი არ განსაზღვრავს ხორცის პროდუქტის დასახელებაში  ან დასახელებასთან ახლოს წყლის რაოდენობის მითითების ვალდებულებას.  შესაბამისად  ხორცის პროდუქტის (ძეხვეულის) დასახელებაში წყლის რაოდენობის მითითება არ არის საჭირო.


 

 2. რაოდენობა როგორ განვსაზღვროთ - რეალურად, საბოლოო პროდუქტში გვაქვს ასეთი სიტუაცია - ძეხვის შემთხვევაში 100 გრამზე გამოყენებულია დაახლოებით 150 გრამი ხორცი, რადგან საბოლოო პროდუქტში დამუშავების შედეგად იცვლება ინგრედიენტების წონა. შესაბამისად, საბოლოო პროდუქტში ინგრედიენტების ასე მექანიკურად გამოკლება და წყლის, როგორც ნარჩენი ინგრედიენტის გამოთვლა ფაქტიურად შეუძლებელია ამ წესით.

          რეგლამენტის თანახმად:

  • თუ  წყალი გამოიყენება სურსათის  წარმოების პროცესში  გაუწყლოებული (დეჰიდრირებული) ან კონცენტრირებული ინგრედიენტის აღდგენისათვის, მისი მითითება ინგრედიენტების ჩამონათვალშიც კი  არ არის სავალდებულო.
  • თუ წყლის  გამოყენება ხდება სურსათის წარმოებაში ინგრედიენტად, მისი რაოდენობის მითითება არ არის საჭირო, წყალი მითითებული უნდა იქნას მხოლოდ ინგრედიენტების ჩამონათვალში;
  • თუ  სურსათის წარმოებაში წყალი წარმოადგენს ძირითად ინგრედიენტს (50%-ზე მეტი), მისი რაოდენობის მითითება  ინგრედიენტების ჩამონათვალში სავალდებულოა.

 

3. როდესაც სურსათში არის მცირე მოცულობით შაქარი ან სხვა დამატკბობელი, სავალდებულოა თუ არა ნებისმიერი რაოდენობის დროს დასახელებაში მიეთითოს, რომ შეიცავს შაქარს ან სხვა დამატკბობელს. ხორც პროდუქტებიც შეიცავს ძალიან მცირე რაოდენობით დამატკბობელს და გვაინტერესებს თუ უნდა იყოს დასახელებაში, მაგალითად, „ძეხვი შაქრით“, თუ როგორ უნდა შევასრულოთ ეს მოთხოვნა.

        რეგლამენტის თანახმად, 

  • სურსათი, რომელიც შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დამატკბობელ  ნივთიერებას ან ნივთიერებებს სურსათის დასახელებას თან უნდა ახლდეს წარწერა „შეიცავს დამატკბობელ ნივთიერებას“ ან შეიცავს „დამატკბობელ ნივთიერებებს“.

თუ თქვენ ძეხვს უმატებთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დამატკობელ ნივთიერებას, შესაბამისად უნდა იყოს სურსათის დასახელება „ძეხვი“, რომელთანაც ახლოს გაკეთდება წარწერა  „შეიცავს დამატკბობელ ნივთიერებას“.


 

4..    როდესაც სურსათის ეტიკეტზე არის გრაფიკული გამოსახულება, მაგალითად, წიწაკა ან წიწაკის მხოლოდ სილუეტი, იმის აღსანიშნავად, რომ პროდუქტი ცხარეა - სავალდებულოა თუ არა ნებისმიერი რაოდენობის, მათ შორის, 2%-ზე ნაკლები რაოდენობის მითითება ცალკე გამოყოფილად ინგრედიენტში?

  • ინგრედიენტების რაოდენობის მითითება სავალდებულოა თუ ინგრედიენტი ან ინგრედიენტების კატეგორია მკაფიოდ გამოყოფილია ეტიკეტზე სიტყვით, ნახატით ან გრაფიკული გამოსახულებით; 

 

კითხვა 4. მე გაწუხებთ კომპანია პარკ გიდადან, ჩვენი კომპანია მდებარეობს ქობულეთში, ამჟამად ვაწარმოებთ ალკოჰოლიან სასმელებს, კერძოდ არაყს.   უახლოეს მომავალში  ვაპირებთ  წყლის ჩამოსხმას,  ველოდებით  ლიცენზიას; წყლის დაფასოებას  ვაპირებთ 200  და 250 მლ-იან  პეტის  ჭიქებში,  ჩამოსხმის თარიღი და შენახვის ვადა  ჩამოსხმის პროცესში ავტომატურად გაუკეთდება ჭიქის ძირზე მაგ: PRO: 26.03.2019 EX    26.03.2020

ეტიკეტზე ვაწერთ: ჩამოსხმის თარიღი და მოხმარების ვადა  იხილეთ შეფუთვაზე        რამდენად  სწორია ასე?   ან როგორ უნდა  დავაწეროთ ამ შემთხვევაში   ?

გამზადებული ეტიკეტები  სტამბულიდან შემოაქვთ და ყოველ ჯერზე ვერ მოვახერხებთ თარიღის დატანას ეტიკეტზე.

პასუხი 4.

„ჩამოსხმის თარიღი“ და „გამოიყენება...მდე“ ვადასთან დაკავშირებით   დასაშვებია ეტიკეტზე გაკეთდეს მინიშნება, თუ სად არის განთავსებული თარიღი. ამ შემთხვევაში წარწერა უნდა გაკეთდეს, რომ „„ჩამოსხმის თარიღი“ და „გამოიყენება...მდე“ ვადა იხილეთ ჭიქის ძირზე“.  სავალდებულოა ეს ინფორმაცია, მათ შორის „PRO”  და  “EX” მითითებული იქნას ქართულ ენაზე.


 

 

კითხვა 5. როგორ უნდა იქნეს მითითებული წვენის დასახელება, თუ იგი მიღებულია სამზე მეტი სახეობის ხილისაგან?

პასუხი: თუ პროდუქტი მიღებულია სამი ან მეტი სახეობის ხილისაგან, ეტიკეტზე, პროდუქტის დასახელებაში დასაშვებია გამოყენებული იქნას სიტყვები „სხვადასხვა ხილი“ ან ანალოგიური ფორმულირება ან გამოყენებული ხილის სახეობების  დასახელება რაოდენობის კლების მიხედვით;


 

კითხვა 6. საქართველოს მთავრობის დადგენილება N301-ის მიხედვით პროდუქტის ეტიკეტზე ნახშირწყლებთან ერთად მითითებული უნდა იქნეს -  მათ შორის  ნახშირწყლები.

მომხმარებელი შაქრებში ძირითადად აღიქვამს საქაროზას, გლუკოზას, ფრუქტოზას,  და ლაქტოზას. რძის პროდუქტებში ნახშირწყლები განპირობებულია მასში ბუნებრივად შემავალი რძის შაქრით-ლაქტოზით. მომხმარებელში  რომ არ გამოიწვიოს გაუგებრობა, გთხოვთ განგვიმარტოთ სწორი ვერსია: "მათ შორის"

1. 100გ მაწონში -ნახშირწყლები 3,8გ რომელიც ლაქტოზაა.

2.100გ იოგურტში ნახშირწყლები 14გ, აქედან 10გ საქაროზა, ხოლო 4გ ლაქტოზა.

ანუ, რეგლამენტით განსაზღვრული კვებითი ღირებულების ცხრილის ნახშირწყლების გრაფაში მითითებული უნდა იყოს მხოლოდ ხელოვნურად დამატებული შაქარი თუ ანიშნული წარწერა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად დამატებული შაქრის თაობაზე?

პასუხი 6 : საქართველოს მთავრობის დადგენილება N301-ის მიხედვით პროდუქტის ეტიკეტზე ნახშირწყლებთან ერთად მითითებული უნდა იქნეს -  მათ შორის შაქრები და არა ნახშირწყლები (!!).

კვებით ღირებულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ნაშირწყლებთან დაკავშირებული ენერგეტიკული ღირებულების შესახებ, დანართი N13-ით განსაზღვრული გადაანგარიშების კოფიციენტების გამოყენებით.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილება -  „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ თანახმად,  „რძის ნაწარმი - ეს არის  რძისგან ან/და რძის შემადგენელი კომპონენტ(ებ)ისგან წარმოებული სურსათი, რომელსაც შესაძლოა დამატებული ჰქონდეს გადამუშავებისათვის ფუნქციურად აუცილებელი საკვებდანამატ(ებ)ი და ინგრედიენტები იმ პირობით, რომ რძისთვის არადამახასიათებელი კომპონენტ(ებ)ის დამატება არ ხდება რძის შემადგენელი კომპონენტ(ებ)ის ჩანაცვლების მიზნით“;

გამომდინარე აღნიშნულიდან  კვებით ღირებულებასთან დაკავშირებულ განაცხადში მითითებული უნდა იქნეს ნახშირწყლების რაოდენობა და მათ შორის შაქრების რაოდენობა. კერძოდ,

1. 100 გ მაწონში - ნახშირწყლები 3,8 გ    მათ შორის შაქარი 3,8 გ

2.100 გ იოგურტში  - ნახშირწყლები 14 გ, მათ შორის შაქარი 14 გ


 

ხშირად დასმული კითხვები N 4

 კითხვა 1.      მოცულობა - ნეტო ?

პროდუქტზე ლიტრაჟის მითითებისას აუცილებელია თუ არა წინ მიეთითოს სიტყვა ნეტო:? ---- . ხოლო თუ წერია მოცულობა : ---- . არ არის სწორი ?. მე-8 მუხლში სიტყვა ნეტოა ნახსენები, შესაბამისად ამავე ფორმით უნდა მოხდეს ეტიკეტზეც მითითება. თუ ეს განმარტება მართებულია მაშინ გამოდის, რომ სურსათის დასახელებისას ან/და ნებისმიერი სხვა სავალდებულო ინფორმაციის მითითებისას წინ უნდა მივუთითოთ სიტყვები: სურსათის დასახელება: ----------------- , სურსათის გამოყენების ინსტრუქცია: ------------------------------------------------ ,  შენახვის ან გამოყენების განსაკუთრებული პირობები: ------------------------------------ და ..

ე.წ. წინსართი სიტყვები თუ როდის უნდა ეწეროს ამას პირდაპირ უთითებს დადგენილება, რაც ნეტოს შემთხვევაში არ გვხვდება,  მაგ:  ინგრედიენტების აღნიშვნისას: ინგრედიენტების ჩამონათვალი წარმოდგენილი უნდა იქნეს საერთო სათაურისინგრედიენტებისშემდეგ.

პასუხი 1.

ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს სავალდებულო ინფორმაციის მითითებას სურსათის სუფთა  წონასთან (ნეტო) დაკავშირებით. 22-ე მუხლი კი ადგენს  ნეტო წონის გამოსახვის საშუალებებს, რომლის თანახამადაც, თხევადი პროდუქტებისათვის  ნეტო წონა აღნიშნული უნდა იქნეს მოცულობის ერთეულების საშუალებით. შესაბამისად, რამდენადაც ნეტო წონა სურსათის სუფთა წონაა, დაფასოებული თხევადი სურსათისათვის საკმარისია მითითებული იქნეს მხოლოდ მოცულობითი ზომის ერთეული (ლიტრი, სანტილიტრი, მილილიტრი) სიტყვა “ნეტოს“ მითითების გარეშე.


კითხვა 2ნებაყოფლობითი ინფორმაცია ლუდზე

 

როგორც ცნობილია, ინფორმაცია ინგრედიენტების ჩამონათვალისა და კვებითი ღირებულების შესახებ ლუდისთვის, რომლის ალკოჰოლის მოცულობა 1.2%-ზე მაღალია არ არის სავალდებულო. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ არასავალდებულო ინფორმაციას ნებაყოფლობით დავიტანთ ეტიკეტზე, რამდენად იქნება აუცილებელი ინგრედიენტების ჩამონათვალში წყლის პროცენტული რაოდენობის მითითება და კალორაჟის მითითება ცხრილის სახით?  თუ შესაძლებელია კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაცია განთავსებული იქნას ამ ფორმით: ენერგეტიკული ღირებულება 00 მლ პროდუქტში 00კჯ/00კკალ ? 

არაერთი ევროპული წარმოშობის/დასახელების ლუდი იქნა ჩვენს მიერ ბაზარზე ნანახი/შემოწმებული, მათ შორის გერმანული, ბელგიური, ჩეხური, ჰოლანდიური, მაგრამ არცერთზე არ გვხდება ინფორმაცია ინგრედიენტების პროცენტობების შესახებ, ხოლო ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ ამ ფორმითაა წარმოდგენილი: ენერგეტიკული ღირებულება 00 მლ პროდუქტში 00კჯ/00კკალ.

პასუხი 2.

ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლი ადგენს  გამონაკლისებს სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით. ამ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ინფორმაცია ინგრედიენტების ჩამონათვალის  და კვებითი ღირებულების შესახებ სასმელებისათვის, რომლის ალკოჰოლის მოცულობა 1.2%-ზე მაღალია.

თუ თქვენ ლუდზე ნებაყოფლობით განათავსებთ არასავალდებულო ინფორმაციას, ამ შემთხვევაში წყალი შეგიძლიათ მიუთითოთ ინგრედიენტების ჩამონათვალში, პროცენტული რაოდენობის მითითება არ არის საჭირო, ხოლო კალორიულობა შეგიძლიათ მიუთითოთ 00 მლ პროდუქტში 00კჯ/00კკალ (ანუ 100 მლ-ში ........ კკალ/კჯ)


კითხვა 3. ინგრედიენტები უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებში :

ამ შემთხვევაშიც არსებობს თითქოს ახალი მოთხოვნა, რომ ინგრედიენტების მითითებისას აღინიშნოს ყოველი ინგრედიენტის პროცენტული ოდენობა, მათ შორის წყლის  პროცენტული ოდენობა. გთხოვთ განგვიმარტოთ რას ეფუძნება აღნიშნული მოთხოვნა. ისევე როგორც ლუდის შემთხვევაში, უალკოჰოლო სასმელების შემთხვევაშიც არაერთი უცხოური, მათ შორის ევროპული მაგალითები არსებობს, რომ არ ხდება ინგრედიენტის პროცენტული ოდენობის მითითება. 

პასუხი 3.

ტექნიკური რეგლამენტის  მე-19 მუხლის -  „სურსათის შემადგენელი კომპონენტების გამოტოვება ინგრედიენტების ჩამონათვალიდან“,  „ე.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ წყლის გამოყენება წარმოების პროცესში ხდება გაუწყლოებული (დეჰიდრირებული) ან კონცენტრირებული ინგრედიენტის აღდგენისათვის, მისი მითითება ინგრედიენტების ჩამონათვალში მისი მითითება არ არის სავალდებულო. რაც შეეხება გამოყენებული ინგრედიენტების პროცენტული რაოდენობის მითითებას, 21-ე მუხლის თანახმად, ეს სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ

 ა) ინგრედიენტი ან ინგრედიენტების კატეგორია მოცემულია სურსათის დასახელებაში ან მომხმარებლისათვის მათი დასახელება გაიგივებულია სურსათის დასახელებასთან;

ბ) ინგრედიენტი ან ინგრედიენტების კატეგორია მკაფიოდ გამოყოფილია ეტიკეტზე სიტყვით, ნახატით ან გრაფიკული გამოსახულებით;

გ) ინგრედიენტის ან ინგრედიენტების კატეგორია აღწერს სურსათს, რაც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა განასხვავოს დასახელებითა და გარეგნული ფორმით მსგავსი სხვა სურსათისაგან.

უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელების ეტიეკტზე, „ინგრედიენტების“ ჩამონათვალში შეგიძლიათ მიუთითოთ წყალი, პროცენტული რაოდენობის გარეშე.


კითხვა 4. ჩამოსასხმელი ლუდის და ჩამოსასხმელი გამაგრილებელი სასმელის მიწოდებისას მომხმარებლის ინფორმირება

გთხოვთ განგვიმარტოთ როგორ უნდა მოხდეს კვების ობიექტებში (ან ნებისმიერ ისე ადგილას სადაც დაუფასოებელი სახით ხდება მიწოდება)  ჩამოსასხმელი ლუდის ან გამაგრილებელი სასმელის  მიწოდებისას მომხმარებლის ინფორმირება. ასეთ შემთხვევაში საკმარისია თუ არა ჩამოსასხმელი პროდუქტის ტარაზე (მაგ: ლუდის კასრზე) იგივე ინფომაციის დატანა რასაც ეტიკეტზე ვწერთ.

პასუხი 4.

დაუფასოებელ სურსათთან დაკავშირებით მომხმარებელთა ინფორმირებულობას ადგენს რეგლამენტის 31--ე მუხლი, რომლის თანახმად, პროდუქტის ტარაზე (ლუდის კასრზე) გარე შეფუთვაზე სავალდებულოა წარდგენილი იქნეს:

1. სურსათის დასახელება;

2. ინგრედიენტების ჩამონათვალი; (ლუდისთვის არ არის სავალდებულო)

3. ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებები ან პროდუქტები ;

4. გამოყენებული ინგრედიენტის ან ინგრედიენტების კატეგორიების რაოდენობა (პასუხი 3-ის გათვალისწინებით) (ლუდისთვის არ არის სავალდებულო)

5. ნეტო (სუფთა) წონა - ლიტრი ან მილილიტრი;

6. ვარგისიანობის მინიმალური ვადის გასვლის ან „გამოიყენება ...მდე“ თარიღი;

7. შენახვის ან გამოყენების ნებისმიერი განსაკუთრებული პირობები;

8. პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორის დასახელება და მისამართი;

9. წარმოშობის ქვეყანა ან წარმოშობის ადგილი;

10. გამოყენების ინსტრუქცია, თუ ინსტრუქციის გარეშე ვერ ხდება სურსათის შესაბამისად გამოყენება;

11. ლუდისთვის სავალდებულოა მოცულობითი სპირტშემცველობის მითითება;

12. ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, (ლუდისთვის არ არის სავალდებულო)

13. დამზადების თარიღი ან პარტიის ნომერი.

 

ამასთანავე, თუ  მომხმარებელს მიეწოდება დაუფასოებული სურსათი, დაუყოვნებლივ გაყიდვის მიზნით, სავალდებულოა ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებები ან პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ! (ნებისმიერი ფორმით)


კითხვა 5. პასტერიზაცია

სავალდებულო არის თუ არა პასტერიზებული ლუდის შემთხვევაში ეტიკეტზე იყოს სიტყვა „პასტერიზებული“ დატანილი. მიუხედავად იმისა რომ, http://nfa.gov.ge/ge/etiketireba - ზე ამ საკითხე არსებობს კითხვა/პასუხი, ზეპირი კონსუტლაციისას განსხვავებული განმარტება იქნა გაკეთებული, რომ თითქოს სავალდებულოა სიტყვა „პასტერიზებულია’’ მიეთითოს ეტიკეტზე.

პასუხი 5.

ლუდის წარმოებაში  „პასტერიზაცია“ ეს არის წარმოების ერთერთი სტადია, როდესაც სამომხმარებლო ტარაში (ბოთლი, ქილა) ჩამოსხმამდე ლუდი ექვემდებარება 60-80 0 C-მდე  თერმულ დამუშვებას. პასტერიზაცია მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს ლუდის ვარგისიანობის ვადას.  შესაბამისად, არაპასტერიზებულ ლუდს, რომელიც არ დაექვემდებარა  თერმულ დამუშვებას, აქვს ხანმოკლე ვარგისიანობის ვადა.

გამომდინარე აღნიშნულიდან, ვარგისიანობის ვადის გათვალისწინებით, მომხმარებელთა ინფორმირებულობისათვის ლუდის დასახელებასთან ერთად სავალდებულოა მითითებული  იქნას „არაპასტერიზებული“,  ხოლო  პასტერიზებული ლუდის შემთხვევაში, სიტყვა „პასტრიზებული“ შეიძლება გამოყენებული იქნას ნებაყოფლობით.


კითხვა 6. Alk. vs. Alc.

დადგენილებაში დღემდე მითითებულია ალკოჰოლის აღშნიშვნა აბრევიატურის სახით Alk. გთხოვთ დაგვიდასტუროთ, შეიძლება თუ არა გამოყენებული იქნას აბრევიტურა alc. ორივე აბრევიატურა მართებულია და საკმარისია ერთ-ერთი იქნას მითითებული ალკოჰოლის აღნიშვნისას ?

პასუხი 6.

საკმარისია მითითებული იქნას ერთერთი.


კითხვა 7. 

http://nfa.gov.ge/ge/etiketireba  დან ხშირად დასმული კითხვები N2     - პასუხი  5 -ში გაწერილი ვალდებულება  ეტიკეტზე მითითებული უნდა იქნეს სიტყვები: „კონცენტრატ(ებ)ისაგან“, „ან „ნაწილობრივ კონცენტრატ(ებ)ისაგან“  გთხოვთ დაგვიზუსტოდ რა სახის პროდუქტზეა საუბარი ?

პასუხი 7.

კითხვები N2-დან მე-5 კითხვა ეხება მოთხოვნას, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის N536 დადგენილებით  - „ტექნიკური რეგლამენტი - ხილის წვენის და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტების შესახებ“  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით.


 კითხვა 8.  ცხიმი უალკოჰოლო სასმელში

თუ სასმელში  ცხიმი  არის 0,009  გრამი/100გრამში  შეიძლება თუ არა კვებითი ღირებულების ცხრილში   მივუთითოდ როგორც 0გ.  სასურველია იყოს ცხრილი შესაძლო დამრგვალებებით როგორც ეს FDA - აქვს გაწერილი  მაგ: თუ  პროდუქტში მარილი ნაკლებია  0,0125გ/100 გრამზე  შესაძლებელია ჩაიწეროს როგორც 0გ    ( no detectable amounts  for salts:  ≤0.0125g/100g or ml)  ხოლო თუ ცხიმი  ნაკლებია  0,5 გ-ზე შესაძლებელია ჩაიწეროს 0გ   (

პასუხი 8.

თუ სასმელში  ცხიმი  არის 0,009  გრამი/100გრამში   კვებითი ღირებულების ცხრილში   უნდა მიუთითოთ -  0 გ. 


 

ხშირად დასმული კითხვები N 5

კითხვა 1. ნაყინის დასახელება: დადგენილება N 301-ის მე-16 მუხლის მიხედვით (სურსათის დასახელება სახეობა) გასარკვევი გვაქვს პროდუქტის დასახელება:

ა) რომელი არომატიზატორის:  ბუნებრივის იდენტურის თუ ბუნებრივის, გამოყენების  შემთხვევაში შეიძლება ეწოდოს ნაყინს ვანილის არომატით?

ბ).კაკაოს ფხვნილის რა პროცენტული შემცველობის შემთხვევაში შეიძლება ეწოდოს ნაყინს შოკოლადის?

პასუხი:

ა) ორივე შემთხვევაში შეიძლება ეწოდოს „ნაყინი ვანილის არომატით“ ან „ნაყინი ვანილის გემოთი“

ბ) დღეისათვის ნაყინს შესაძლებელია ეწოდოს შოკოლადის ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მას ემატება კაკაოს ფხვნილი. ამასთან გასათვალისწინებელია მუხლი 21, პუნქტი 1, ქვეპუნქტი „ა“ – „სურსათის წარმოების ან დამზადების დროს გამოყენებული ინგრედიენტის ან ინგრედიენტების კატეგორიების რაოდენობის მითითება სავალდებულოა, თუ ინგრედიენტი ან ინგრედიენტების კატეგორია მოცემულია სურსათის დასახელებაში ან მომხმარებლისათვის მათი დასახელება გაიგივებულია სურსათის დასახელებასთან“ და დანართი N7, პუნქტი 3, ქვეპუნქტი „ა“ -  „ინგრედიენტი ან ინგრედიენტის კატეგორია აღინიშნება პროცენტულად, რომელიც შეესაბამება გამოყენებისას ( ანუ დამზადების პროცესში) მის რაოდენობას“;


კითხვა 2. მუხლი მე-20 „ბ“ პუნქტი (ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერებების ან პროდუქტების ეტიკეტირება: დანართიN 1-ით განსაზღვრული ნივთიერებების ან პროდუქტების დასახელება გამოყოფილი უნდა იყოს ტიპოგრაფიულად.

გვაინტერესებს იმ შემთხვევაში როდესაც თვითონ  ეს ნივთიერებებიც შეიცავენ  ალერგიული ნივთიერებებს ყველა უნდა იყოს ტიპოგრაფიულად გამოყოფილი თუ საკმარისია,  რომ მხოლოდ ძირითადი ინგრედიენტი იყოს გამოყოფილი.

პასუხი:

მუხლი 20, პუნქტი „ბ“ - დანართი №1-ით განსაზღვრული ნივთიერებების ან პროდუქტების დასახელებები გამოყოფილი უნდა იყოს ტიპოგრაფიულად ისე, რომ მკვეთრად განსხვავდებოდეს ინგრედიენტების სხვა ჩამონათვალისაგან (მაგალითად, შრიფტის ან ფონის სტილითა და ფერით). იმ შემთხვევაში თუ სურსათის ინგრედიენტი შედგენილი ინგრედიენტია და წარმოადგენს ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერებებთ განსაზღვრულ ნივთიერებას, მაშინ ტიპოგრაფიულად გამოყოფილი უნდა იქნეს შედგენილი ინგრედიენტის დასახელებაც და მისი შემადგენელი კომპონენტებიც.


კითხვა 3. დანართი N8 ნეტო(სუფთა) წონის მითითება მე-4 პუნქტის მიხედვით გვაინტერესებს  შოკოლადის მინანქარით დაფარული ნაყინების შემთხვევაში გავითვალისწინოთ თუ არა გლაზური საერთო წონაში, მაგალითად შოკოლადით დაფარული ესკიმოს შემთხვევაში?

პასუხი:

დანართი 8, პუნქტი 4 - თუ მყარი კონსისტენციის სურსათი მოთავსებულია თხევად არეში, მითითებული უნდა იქნეს სურსათის მშრალი წონის „ნეტო“ (სუფთა) წონაც. თუ სურსათი გარედან დაფარულია მინანქრით, ნეტო (სუფთა) წონა არ მოიცავს მინანქრის წონას. თუმცა, ნაყინის შემთხვევაში  მინანქარის(გლაზურის)  წონა  „ნეტო“ წონაში უნდა გაითვალისწინოთ.


კითხვა 4. მუხლი 21. ინგრედიენტების რაოდენობის მითითება „ა“ და „ბ“ პუნქტის მიხედვით ინგრედიენტის რაოდენობის მითითება სავალდებულოა თუ ინგრედიენტი ან ინგრედიენტების კატეგორია მოცემულია სურსათის დასახელებაში ან მომხმარებლისთვის ან მათი დასახელება გაიგივებულია სურსათის დასახელებასთან. რაოდენობები უნდა გამოვსახოთ გრამებში თუ პროცენტულად?

პასუხი:

დანართი N7, პუნქტი 3, ქვეპუნქტი ა) -  ინგრედიენტი ან ინგრედიენტის კატეგორია აღინიშნება პროცენტულად, რომელიც შეესაბამება გამოყენებისას (ანუ მომზადების, წარმოების პროცესში) მის რაოდენობას;


კითხვა 5.  დანართი N2 მიხედვით მე-2 პუნქტის 2.2 ქვეპუნქტის მიხედვით, სურსათი რომელიც შეიცავს როგორ შაქრებს ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დამატკბობელ ნივთიერებეს სურსათის დასახელებას თან უნდა ახლდეს წარწერა შეიცავს შაქრებს და დამატკბობელ ნივთიერებებს. ჩვენს შემთხვევაში როცა  ინგრედიენტების ჩამონათვალში  მითითებული გვაქვს შაქარი და ყველა დამატკბობელი, აუცილებელია თუ არა ზემოთ აღნიშნული სახით მითითება (შეიცავს შაქარს და დამატკბობელ ნივთირებებს)?

პასუხი:

დანართი 2, პუნქტი 2.2 - სურსათი, რომელიც შეიცავს როგორც შაქარ(ებ)ს, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დამატკბობელ ნივთიერებას ან ნივთიერებებს სურსათის დასახელებას თან უნდა ახლდეს წარწერა „შეიცავს შაქარ(ებ)ს და დამატკბობელ ნივთიერებას(ებს)“;


კითხვა 6. დანართი N 2 6 პუნქტი გაყინვის თარიღი ან პირველადი გაყინვის თარიღი  იმ შემთხვევაში თუ ხორცის გაყინული ნახევარფაბრიკატების შემთხვევაში (ხინკალი, პელმენი)  გაყინვის თარიღი და წარმების თარიღი ემთხვევა ერთმანეთს აუცილებელია თუ არა მიეთითოს დანართი მე-9  პუნქტის მიხედვით  “გაყინულია-----?

პასუხი:

როდესაც დამზადების  და გაყინვის თარიღი ემთხვევა ერთმანეთს  დასაშვებია ერთერთის მითითება. რამდენადაც, რეგლამენტის თანახმად „დამზადების თარიღი - ეს არის თარიღი, როდესაც სურსათმა მიიღო საბოლოო პროდუქტის სახე“.


კითხვა 7.

ნებაყოფლობითი ინფორმაცია ლუდზე

 ინფორმაცია ინგრედიენტების ჩამონათვალისა და კვებითი ღირებულების შესახებ ლუდისთვის, რომლის ალკოჰოლის მოცულობა 1.2%-ზე მაღალია არ არის სავალდებულო. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ არასავალდებულო ინფორმაციას ნებაყოფლობით მაინც დავიტანთ ეტიკეტზე, რამდენად იქნება აუცილებელი ინგრედიენტების ჩამონათვალში ინგრედიენტის  პროცენტული რაოდენობის მითითება და კალორაჟის მითითება ცხრილის სახით? 

პასუხი

ლუდზე ნებაყოფლობით განთავსებული ინფორმაცია  ინგრედიენტებთან დაკავშირებით   (ალაო, სვია)  და სხვ. შეგიძლით მიუთითოთ ინგრედიენტების ჩამონათვალში. მათი პროცენტული რაოდენობის მითითება არ არის საჭირო. კალორიულობა შეგიძლიათ მიუთითოთ 00 მლ პროდუქტში 00კჯ/00კკალ (ანუ 100 მლ-ში ........ კკალ/კჯ) (იხილეთ კითხვები N4, პასუხი N2).


 კითხვა 8. ინგრედიენტები უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებში :

უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების ეტიკეტს ინგრედიენტების მითითებისას (მაგ: არომატიზატორი და სხვ.) შეგვიძლია რომ არ დავაწეროთ მათი პროცენტობა. ამ შემთხვევაშიც მხოლოდ წყალზე მივიღეთ პასუხი, მაგრამ არა სხვა ინგრედიენტებზე.  გთხოვთ, დაგვიდასტუროთ, რომ ლიმონათის ეტიკეტზე არ გვაქვს წყალთან ერთად არც სხვა ინგრედიენტების პროცენტობის დაწერის ვალდებულება.

პასუხი 8.

მუხლი 21-ის თანახმად,  სურსათის, მათ შორის ლიმონათის  წარმოების ან დამზადების დროს გამოყენებული ინგრედიენტის ან ინგრედიენტების კატეგორიების რაოდენობის მითითება მხოლოდ იმ შემთხვევაშია სავალდებულოა, თუ:

ა) ინგრედიენტი ან ინგრედიენტების კატეგორია მოცემულია სურსათის დასახელებაში ან მომხმარებლისათვის მათი დასახელება გაიგივებულია სურსათის დასახელებასთან; ან

ბ) ინგრედიენტი ან ინგრედიენტების კატეგორია მკაფიოდ გამოყოფილია ეტიკეტზე სიტყვით, ნახატით ან გრაფიკული გამოსახულებით; ან

გ) ინგრედიენტის ან ინგრედიენტების კატეგორია აღწერს სურსათს, რაც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა განასხვავოს დასახელებითა და გარეგნული ფორმით მსგავსი სხვა სურსათისაგან.

გასათვალისწინებელია,  რომ აღნიშნული მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების მიუხედავად, ინგრედიენტების რაოდენობა არ არის სავალდებულო აღნიშნული იქნეს ნებისმიერ ინგრედიენტზე ან ინგრედიენტის კატეგორიაზე, რომელიც განსაზღვრულია როგორც „შეიცავს დამატკბობელს“ ან „შეიცავს შაქარს და დამატკბობელს“ , და  ეს ფრაზა, რეგლამენტის დანართი N2-ით განსაზღვრული მოთხოვნების  თანახმად,   განთავსებული უნდა იქნეს  სურსათის დასახელების გვერდით ან დასახელებასთან ერთად.