სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ფრინველის ხორცის უვნებელი წარმოება და სალმონელას პრევენცია

ფრინველის ხორცის უვნებელი წარმოება და სალმონელას პრევენცია

/ სურსათის უვნებლობა

ფრინველის ხორცის უვნებელ წარმოებას მიეძღვნა ორდღიანი სემინარი, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ კვერნაძემ გახსნა. ღონისძიებას სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრებოდა აშშ-ის ობერნის უნივერსიტეტის მეფრინველეობის მეცნიერებათა დოქტორი ამიტ მორი. სტუმარმა მეფრინველეობის სექტორის წარმომადგენლებთან ფრინველის ხორცის გადამუშავების სხვადასხვა ეტაპი მიმოიხილა და ფერმებში სალმონელას პრევენციაზე ისაუბრა. 
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე პაატა ქურდაძემ მონაწილეებს სააგენტოს მიერ ფრინველთა სასაკლაოებში განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები და კონტროლის მექანიზმები გააცნო.  
სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა/ფრინველთა სასაკლაოებში სახელმწიფო კონტროლს/ გეგმურ ინსპექტირებას წელიწადში ოთხჯერ ატარებს, რაც ითვალისწინებს  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სურსათის ჰიგიენის წესების შესრულებაზე ზედამხედველობას; ცხოველის/ფრინველის დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომ ვეტერინარულ კონტროლს; საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშის აღებას ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით; საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) სისტემის შემოწმებას. გარდა ამისა, სააგენტო იღებს ნიმუშებს ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების გამოსაკვლევად.
2025 წელს დაგეგმილია 1300 ნიმუშის აღება.
ფრინველის ხორცზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, წარმოებისას დაცული იყოს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბერის №581 დადგენილებით ,,სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ განსაზღვრული მოთხოვნები, რაც უზრუნველყოფს ბაზარზე უვნებელი სურსათის განთავსებას და, შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას.